მინდია არაბული არის ქართველი მწერალი, სცენარისტი, ილუსტრატორი და კრეატიული დირექტორი, რომლის შემოქმედებაც ლიტერატურისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზს წარმოადგენს.
დაიბადა 1994 წელს კახეთში, სოფელ გომბორში. 2012 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განაგრძო. წერით ბავშვობიდან იყო გატაცებული - რაც თავი ახსოვს, ლექსებს წერდა, პერიოდულად აქვეყნებდა და ლიტერატურულ კონკურსებშიც მონაწილეობდა. მის შემოქმედებით სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან ედვარდ გორი (Edward Gorey), პატრიკ მაკჰეილი (Patrick McHale), მორის მეტერლინკი და გოდერძი ჩოხელი.
პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი რეკლამისა და კრეატიულ ინდუსტრიას დაუკავშირა, თუმცა მისი ნამდვილი ნიშა სხვადასხვა სახის ინტერნეტ კონტენტის შექმნა აღმოჩნდა. წერისა და ილუსტრირების პარალელურად, იგი ასევე დაინტერესებულია ანიმაციითა და ფოტოგრაფიით.
პოსტმოდერნული ცინიზმისა და გაუცხოების ფონზე, მინდია არაბულის ტექსტები მკითხველს იმედიანი სევდით ელაპარაკება.