მინდია არაბულის ეს ერთგვარი ექსპერიმენტი მკითხველს დაუვიწყარ პოეტურ მოგზაურობას ჰპირდება. მისი კომიქს-ლექსები თავდაპირველად სიმსუბუქით გიტყუებს - მარტივ რითმებს ემოციების ოსტატურად გამთქმელი ილუსტრაციები აცოცხლებს და ახალ-ახალ სცენარებში გამოგზაურებს. მაგრამ ამ სისადავის ქვეშ ღრმა ეგზისტენციალური კითხვები, შიშები და იმედები იმალება.
ფორმასა და შინაარსს შორის ამგვარი კონტრასტი წინასწარგანზრახული და განმაიარაღებელია. ჩანახატები მძიმე სათქმელს იმგვარად გაპარებს, რომ სახიდან ღიმილი არ გშორდება, თან კი მიგაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი: ემპათია საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც. ეს მშვიდი და გულწრფელი რეფლექსიაა ცხოვრებაზე, რომელიც გამუდმებით ამოგვაყოფინებს თავს მოულოდნელ და გაურკვეველ სცენარებში, რომლიდანაც რაღაც გაკვეთილების გამოსატანად ხელოვნება თუ დაგვეხმარება.
მაშინ, როცა პოსტმოდერნული პერსპექტივა სამყაროში ჩვენს ადგილს ცინიზმითა და გაუცხოებასთან დამეგობრებით ეძებს, მინდია არაბულის ლირიკული კომიქსები ამ ცივ ხედვას იმედიანი სევდით უპირისპირდება. ეს ის სევდა არაა, რომელიც სიხარულის უკეთ დაფასებას გვასწავლის, არამედ, ის თავისთავად ღირებულია, როგორც საკუთარ თავში ჩაღრმავების, ანდაც საკუთარი ერის წარსულის გადაფასების იარაღი.
სიცოცხლის ხანმოკლეობის, სიკვდილის გარდაუვალობის, პირადი დარდისა და კოლექტიური ტრავმების თემები კრებულში ლამის მოულოდნელი პირდაპირობითა და იუმორით ჩნდება. სწორედ იუმორია - უფრო კი ოხუნჯობაა - მინდია არაბულის მთავარი იარაღი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მგრძნობელობის გასათქმელად. და ეს ოხუნჯობა საბოლოოდ ირონიისა და გამასხარავებისგან სრულად განძარცვულ სიცილს იწვევს და ფანტასტიკურ სცენარებში საკუთარ თავებს შემწყნარებლობით გვანახებს.
კრებულში თავმოყრილი რამდენიმეგვერდიანი კომიქსები იმას აღწვეს, რაც ზოგჯერ სქელტანიან რომანებსაც კი უჭირთ. ისინი პირისპირ გვაყენებს ცხოვრების აბსურდულობასთან, მაგრამ იქვე გვამშვიდებს იმის შეხსნებით, რომ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ: სიკვდილის მოუთმენლად მომლოდინე სადიკოც, თანასოფლელთა უყურადღებობით განაწყენებული უჩინარი მანუჩარიც, არავისი სიდონიაც, მეც, თქვენც და „ჩეკას“ გამომჩეკავი კრუხიც კი.
ავტორი: ქეთი ჩართოლანი