“საუკუნო უკუნის” ნათელი მხარე - ბექა ადამაშვილი

ავტორი: ბექა ადამაშვილი


“საუკუნო უკუნი” ის იშვიათი გამონაკლისია, როცა წიგნის შინაარსი არათუ ამართლებს ყდაზე არსებულ სარეკლამო ტექსტს, ბევრად უკეთესიც კია, ვიდრე ამ ტექსტიდან შეიძლება ივარაუდო. 

მიზეზი მარტივია - სევდანარევი იუმორით თუ იუმორნარევი სევდით გაჯერებული ეს მცირე ამბები უმეტესად ისეთი მასშტაბის ემოციას იტევს, სქელტანიანი წიგნები ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე რომ შეიძლება დააყენოს. ეს ემოცია ხშირად ამბის ბოლოსაა ჩასაფრებული, თუმცა ზოგჯერ სრული ამბისგან დამოუკიდებლადაც მშვენივრად გრძნობს თავს -  “ქალბატონი სადიკო სიკვდილისთვის მზად იყო”, მაგალითად. ეგ კი არა, ზოგ შემთხვევაში პერსონაჟისადმი ემპათია რომ გაგიჩნდეს, არათუ მთლიანი კომიქს-ლექსის, უბრალოდ ამ პერსონაჟის სახელის წაკითხვაც საკმარისია - უჩინარი მანუჩარი და არავისი სიდონია, თუნდაც. ზოგან ნახატია ისეთი, უსიტყვოდ რომ აღიქვამ პერსონაჟს…

…ზოგან კი ისეთი დეტალებია ჩაქსოვილი, საშუალო სტატისტიკური ფანტაზიის ნებისმიერი მკითხველი ზედ კარგი ამბის დაშენებას რომ მოახერხებს. ასეთი დეტალია თუნდაც იმავე ქალბატონი სადიკოს ანდერძში ნახსენები “სტეჩკინი”, რომელიც ან მის ანდერძში რატომ აღმოჩნდა ან მის ხელში, ღმერთმა იცის, მაგრამ თან ეს ნახევრად დაფარული ჩანაწერი უკვე ორი პოტენციურად საინტერესო ამბავის წყაროდ შეიძლება იქცეს.

სათქმელია ტრადიციული კომპლიმენტიც, რომ კრებულში ამბები ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თვალიერდება. თუმცა, თითოეული ამბისგან მიღებული ემოცია იმდენად უნიკალურია და თითოეულისგან გამოყოლილი საფიქრალი იმდენად განვრცობადი, რომ ჯობს ეს ამბები გაცილებით მეტი ამოსუნთქვით წაიკითხოთ, ან, დაათვალიეროთ. 

ამბებს შორის დროის გასვლას აქ იგივე ფუნქცია აქვს, როგორც სუშის სხვადასხვა როლის ჭამის დროს ჯანჯაფილის მარინადს, ახალი გემოს აღსაქმელად რეცეპტორებს წინა გემოს დავიწყებაში რომ ეხმარება.

ტრადიციული კომპლიმენტების ხაზს თუ გავყვებით, საქართველოში (და, ალბათ, არამხოლოდ) გვაქვს ტექსტის სიკარგის შესაფასებელი ერთი ისეთი კომპლიმენტი, რომელიც “გენიალურიას” აინუნში არ აგდებს და რომელსაც “ბრწყინვალეა” საერთოდ არც გაუგია. ეს კომპლიმენტი თითქოს მარტივია - “სკოლის პროგრამაშია შესატანი”, მაგრამ თან “გენიალურიას” იმით აღემატება, რომ საკუთარ თავში მოიაზრებს დაპირისპირებას ხალხის ნაწილში დამკვიდრებულ შეხედულებასთან, რომ ილიას, ვაჟას, აკაკის და სხვათა გვერდით მოსახვედრად, მინიმუმ, ცოცხალი აღარ უნდა იყო. მართალია, ამ კომპლიმენტს ხშირად უფრო ავტორის გულის მოსაგებად იყენებენ ხოლმე და ძირითადად, ჯობს არ გაითვალისწინონ მათ, ვისაც პროგრამების შედგენა ეხება, მაგრამ “საუკუნო უკუნში” არსებული კომიქს-ლექსების დიდი ნაწილი ნამდვილად კარგი მასალაა სასკოლოდ. ერთი იმიტომ, რომ ბარეორ-მეტ-თუ-არა არსებულ ლექსს ჯობია და მეორე იმიტომ, რომ ამ კომიქს-ლექსების გააზრებას და გაანალიზებას თავისუფლად შეუძლია  ემპათიის განვითარებას ადრეული ასაკიდანვე შეუწყოს ხელი.

ცოტა რამ ავტორზეც უნდა ითქვას. ჩვენთან ავტორის დახასიათების ძირითადი ფორმულა რომელიმე უფრო ცნობილი უცხოელი მწერლის აღება და მისი სახელის წინ “ქართველის” წამძღვარებაა (ქართველი ვულფი ან ქართველი კორტასარი, მაგალითად). ვეცდები, ეს წმინდა ტრადიცია არც მე დავარღვიო. ამისათვის კი პერსონაჟებს თუ ავიღებთ ორიენტირად (ძაღლი, რომელიც საკუთარი თავის მოსაძებნ განცხადებებს აკრავს; ინსომნიით დატანჯული ადამიანისადმი ემპათიით განწყობილი პარალიზის დემონი; მრისხანე მეკობრე, რომელსაც პაპიდა ყველაფერს უწუნებს აჩაჩული საყელოს ჩათვლით; კომისართან სტუმრად მისული მისივე დახვრეტილი მოდერნისტის ლანდი და ბევრი სხვა), მაშინ თამამად შეგვიძლია მინდია არაბული ქართველ პეტერ ბიქსელად მოვნათლოთ. თუმცა, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მინდიას ყოველი ამბის დასასრული, როგორც წესი, ბოლო ფრაზის მეშვეობით ხსნის კვანძს ან კრავს სულს, მაშინ ავტორის შესაქებად “ქართველი ო’ჰენრიც” შეიძლება გამოდგეს.

ერთი სიტყვით, “საუკუნო უკუნი” ნათელი წერტილია ქართულ კომიქს-პოეზიაში, რომლის ისტორიაც, დიდი ალბათობით, “საუკუნო უკუნითვე” იწყება და წესით, “საუკუნო უკუნით” არ უნდა დასრულდეს, რადგან ამიერიდან კომიქსებს და ლექსებს ერთმანეთისგან მხოლოდ დეფისი თუ დააშორებთ. სათქმელი კიდევ ბევრია, უბრალოდ…

…ჯობს აქ მოვრჩე, ტექსტმა თავი რომ არ იგრძნოს დაშაშრულად.

 

შეიძინე წიგნი