*გამოქვეყნდა ჟურნალ “ქართული მწერლობის” 2025 წლის სექტემბრის ნომერში.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის საიუბილეო, მეათე გამოშვებას პირველად ეყოლება სტუმრად კომიქს- ავტორი. მავილი, იგივე მარკუს ვიტსელი არამხოლოდ თანამედროვე კომიქს-ინდუსტრიის, არამედ ზოგადად გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელია. ის ათამდე წიგნის ავტორია, ცხოვრობს ბერლინში, პატრონობს ოჯახს და ყოველთვიურად Tagesspiegel-ში აქვეყნებს თავის ნაშრომებს.
ხომ ყველას გვაქვს ისეთი წიგნები, რომლებიც გვახსოვს თუ სად და როდის წავიკითხეთ, როგორ განათებაზე, რა განწყობაზე?! ვიყიდეთ თუ გვაჩუქეს, სხვისი რჩევით მივადექით თუ თავადვე ავირჩიეთ ან აგვირჩია… ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული წიგნი მავილის “ქინდერლენდ” არის.
გასულ წელს გერმანიის პატარა ქალაქ ერლანგენში ვიყავი კომიქს-ფესტივალზე. მავილი, იქ მკითხველებისთვის ხელმოწერებსა და პერსონალურ ჩანახატებს არიგებდა. მისი წიგნები “შეგვიძლია მეგობრებად დავრჩეთ” და “ბენდი” კი ვიცოდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა არც მის “ქინდერლენდზე” და არც - “იღბლიანი ლუკის ამხედრებაზე”. სწორედ ამ უკანასკნელის პრეზენტაცია იყო ერლანგენში და მავილიც მკითხველსაც მეტწილად მასზე ესაუბრებოდა. (აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მავილი ერთადერთი გერმანელი ავტორია, რომელსაც კომიქს-ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის, “იღბლიანი ლუკის” თავგადასავალი აქვს შექმნილი.)
“იღბლიანი ლუკის ამხედრება” ჯერ ინგლისურად არ ეთარგმნათ, მე კი, გერმანულის არმცოდნეს, საყვარელი ავტორების ჩანახატების მიღების მიზნით უკვე საკმარისად შემეძინა გერმანული წიგნები; ამიტომაც გამომცემლობა Reprodukt-ის სტენდზე ინგლისურად თარგმნილ “ქინდერლენდს” დავწვდი და მეგობართან ერთად რიგში ჩავდექი.
წიგნში ჩანახატის გაკეთების პარალელურად საუბარიც დავიწყეთ; რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით, სახე გაუბრწყინდა - ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, 2013-ში ველოსიპედით მოვიარეო. ჩვენს უკან რიგში ბევრი მკითხველი იდგა, ამიტომაც ძალიან დიდხანს ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი, ათ წუთში დავიშალეთ.
“ქინდერლენდის” კითხვა სასტუმროსკენ მიმავალმა, მატარებელშივე დავიწყე.
დავიწყე და ვეღარც გავჩერდი.
არადა ბოლო წლებია ბევრს ვერ ვკითხულობ, 40-50 გვერდი დღეში მაქსიმუმია - არ ვიცი ეს ფართოდ მოდებული ADHD-ს ბრალია თუ სხვა რამ ებრძვის ჩემს კონცენტრაციის უნარს, მაგრამ ფაქტია ასეა. ამ ყველაფერს კი “ქინდერლენდმა” აჯობა. წიგნიდან თავი ვეღარ ამოვიღე. გადავსანსლე. და თან ლამის როგორ იცით? ბევრს გეცოდინებათ მორის სენდაკისგან მოყოლილი ამბავი, ფან ბავშვს რომ წერილზე უპასუხა, იმას კი ისე მოეწონა და გაუხარდა მწერლის წერილი და ჩანახატი, ადგა და შეჭამა.
ჰო, ლამის არ ითვლება, მაგრამ მართლა ცოტაღა მაკლდა “ქინდერლენდი” ეგრე შემეჭამა, რადგან წიგნმა ჯერ მეც ბავშვად გადამაქცია და მერე გზააბნეულ მირკოსთან ერთად გამიძღვა აღმოსავლეთ ბერლინის ერთი არაფრით გამორჩეული სკოლის, არაფრით გამორჩეული კლასის რეალობაში. მატარებელში მგზავრების ყურადღებას ვიქცევდი კითხვისას გულიანი, ისტერიული ხარხარით, რომელსაც ხან სიუჟეტის მოულოდნელად სხვა რელსებზე გადასვლა მაწყვეტინებდა, ხანაც - გულისგამთბობი, ბავშვურად გულუბრყვილო და საყვარელი ეპიზოდები. “ქინდერლენდში” ერთმანეთს ენაცვლება ნაცნობი და უცნობი გარემო, მოზარდის აღმაფრთოვანებელი და მოსაწყენი რეალობები; აქ პარტიის მადიდებელ მასწავლებლებსაც შეხვდებით და კლასის ჯგუფხელებსაც, ისწავლით პინგ-პონგის ბურთისგან “ძიმაუშკა” როგორ გააკეთოთ და რძის პაკეტი საბრძოლო იარაღად როგორ გამოიყენოთ; ნახავთ თუ როგორ ერთობოდნენ და მავნებლობდნენ ბავშვები აღმოსავლეთ გერმანულ ბანაკებში; რა ბიუროკრატიასთან და პრაქტიკულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული სახლში ტელეფონის ქონა; როგორი იყო ყოველდღიურობა და როგორ შეხვდა ერთი რიგითი ოჯახი ქვეყნის ისტორიულ გაერთიანებას.
მავილი თხრობის ერთ-ერთი ყველაზე “ქულ” ოსტატად მიმაჩნია. კომიქსს ხომ ჩვენში როგორც წესი ზერელედ კითხულობენ ხოლმე?! - ორი წამით შეავლებენ თვალს ილუსტრაციას, ორი წამით - ტექსტს, და ეგაა! უკულტურო კითხვის ეს პრაქტიკა ჩვენში კომიქსის ტრადიციის არქონითა განპირობებული. არადა მავილისნარ ავტორებს თუ კარგად გაჰყვებით, ტექსტური თხრობის მიღმა კიდევ ბევრი ამბავი გელოდებათ: სწორედ ასე ვიგებთ თუ ვის “ქრაშავს” მე-7 კლასელი მირკო, როგორ ჩუქნის ბებია ფულს სხვების უჩუმრად; ასე ვეცნობით უდინამიურეს და სკოლისთვის ისტორიულ პინგ-პონგის მატჩს სკოლის შფოთისთავებსა და ბეჯითა მირკოს შორის და სხვა მრავალი. “ქინდერლენდი” ის წიგნია, რომელის ყველა ილუსტრაციასაც დრო უნდა დაუთმო, რომ ამბის სიღრმე და სიმდიდრე სრულად შეიცნო.
სწორედ თხრობის ამ სიმდიდრემ გადამწყვეტინა იმ დღესვე, რომ ეს წიგნი ადრე თუ გვიან ქართულად უნდა გამომეცა. მაშინ ჯერაც არ ვიცოდი, როდის დავაფუძნებდი ჩემს გამომცემლობას, მაგრამ უკვე ვხვდებოდი, რომ უამრავი საყვარელი კომიქს-კლასიკის მიუხედავად, სწორედ “ქინდერლენდი” იქნებოდა ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომლითაც ამ საქმეს შევუდგებოდი.
ის და მომდევნო დღე მეგობრებთან მავილზე საუბარში გავატარე. ისე მოხდა, რომ ერლანგენში ხუთიდან სამნი მავილის წიგნებს ვკითხულობდით. და მერე ეს სამეული, გამოფრენის წინა ღამით კლუბში გადავეყარეთ კიდეც მას; იქნებოდა ღამის ორი საათი, გვერდით მომადგა, ეცვა Marvel-ის მაიკა და ლუდით ხელში ცეკვავდა 80-იანების სინთ-პოპზე.
- ჰეი, შენ მავილი არ ხარ?
- მე ვარ. ვიცნობთ ერთმანეთს?
- ორი დღის წინ შევხვდით, ხელმოწერების სესიაზე. საქართველოდან…
- ააა, ჯორჯიან გაი! Ja! Ja!
ლუდი დავლიეთ, მორიგი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და უცებ მოურიდებლად ვაჯახე: გპირდები შენი ქართველი გამომცემელი ვიქნები-მეთქი.
მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ოცნების ასრულებას - მქონოდა კომიქსების გამომცემლობა - ამ ყველაზე კრიზისულ წელიწადს შევეჭიდებოდი - მარშიდან მარშზე და პროტესტიდან პროტესზე ყოფნის პარალელურად. ალბათ კრიზისმა მომცა მოტივაცია არ გავჩერებულიყავი და გამეგრძელებინა საყვარელი საქმის კეთება. სიმბოლურია რომ ლიტერატურის ფესტივალის ეს გამოშვებაც პროტესტს, არგაჩერებასა და დუმილის აუტანლობას ეძღვნება. ჰოდა, ავდექი და წლის დასაწყისში საავტორო უფლებებიც შევიძინე. მაშინ ჯერ ვერ გავიაზრე ის თუ რამხელა ნდობას გიცხადებს ავტორი, როდესაც ახალბედა გამომცემელს პირველ წიგნად თავის იმ ნამუშევარს განდობს, რომლის შექმნასაც წლები შეალია და რომლითაც დიდი შანსია უპირველესად შემორჩეს გერმანულ ლიტერატურას.
ეს ნდობა რომ გამემართლებინა ჯერ ძალიან კარგი თარგმანი უნდა შეგვესრულებინა. ნინო ბურდული თავიდანვე ჩამიჯდა გონებაში, როგორც ამ რომანის მთარგმნელი და მანაც ჯერ ინტერესი დამიდასტურა, მერე კი დროულად და მშვენივრად გაართვა საქმეს თავი. დადგა დიზაინის დროც, რომელიც თავიდან დიდ გამოწვევად მოსჩანდა, რადგან ამ მოცულობის საბავშვო გრაფიკული რომანი, თანაც სრულად ფერადი, ჯერ არ გამოცემულა საქართველოში და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ასეთი ასოთმხატვრობა არც რომელიმე კომიქსს ჰქონია ჩვენში. თუმცა ამაზე დარდი მალევე ჩამიცხრა, რადგან დიზაინერმა ნინო ყაველაშვილმა სრულიად გაითავისა “ქინდერლენდი” - ჯერ უმშვენიერესი ფონტი შექმნა წიგნისთვის, მერე კი და ისე ოსტატურად დახატა ხმოვანი ეფექტები, პოსტერები თუ წიგნის სხვა დეტალები, რომ მავილმაც აღფრთოვანებით მოიწერა - უკვე რამდენ ენაზე გამოიცა ეს წიგნი და ასეთი კარგი უცხოური გამოცემა ჯერ არ ჰქონიაო!
ნამდვილად - ქინდერლენდის ასოთმხატვრობის ქართული ადაპტაცია უნაკლოა.
გამოცემაზე მუშაობის პარალელურად გაჩნდა იდეაც, რომ მოდი, მავილი ჩამოვიდეს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დაგვანახოს ვიღაცამ, რომ კომიქსი ღირებული ლიტერატურული კულტურაა. და ჩვენც დავინახოთ, რომ სტანდარტული წიგნის პრეზენტაციების პრაქტიკაც შეიძლება გამდიდრდეს მავილისნაირი ავტორების ჩამოყვანით. სურვილი გოეთეს ინსტიტუტს გავუზიარეთ, სადაც ისეთი აღფრთოვანებით შეხვდნენ მატარებელი კომიქსის წამოწყებას, რომ იქვე დაგვპირდნენ, ყველაფერს ვიზამთ ლიტერატურის ფესტივალზე მავილი რომ გვყავდესო.
დაგვპირდნენ და აასრულეს კიდეც! და იმედი მაქვს ეს ტრადიციაცად გადაიქცევა პროგრამაში ერთი კომიქს-ავტორის ყოლა.
მავილი 18, 20 და 21 სექტემბერს თბილისში, 23-ში კი ქუთაისში შეხვდება მკითხველებს და არამხოლოდ წიგნზე ესაუბრება, არამედ ადგილზეც დაიწყებს ხატვის სესიას, ვორკშოპსაც ჩაატარებს და სხვა შემოქმედებითი პერფორმანსითაც დაგვამახსოვრებს თავს. როგორი ავტორია იცით მავილი? გერმანელებს ფეხბურთში ხშირად ჰყავთ ე.წ. უნივერსალები - მწვრთნელს რომელ პოზიციაზეც არ უნდა დასჭირდეთ, ყველგან რომ შეუძლიათ თამაში. ეგეთი უნივერსალია მავილიც - ერთნაირი ხარისხითა და მგრძნობელობით საბავშვო ამბავსაც მოგიყვებათ, სუპერგმირულსაც, ისტორიულსაც, ეროტიკულსაც… პერსონაჟის ეგზისტენციუალურ კრიზისებშიც იძრომიალებს და იგივე პერსონაჟს სინთ-პოპზეც ააცეკვებს უდარდელად.
“ქინდერლენდსაც” ეტყობა, რომ უნივერსალის შექმნილი წიგნია: ეს ხომ ერთი შეხედვით ბიოგრაფიული კომიქს-პროზაა, რომელიც კაცმა არ იცის 1%-ით არის ბიოგრაფიული თუ 99%-ით?! ავტორის ბიოგრაფიაა თუ ქალაქის; დროის უძრაობის თუ მოძრაობის;
ამიტომაცაა “ქინდერლენდი” ერთდროულად საინტერესო და საყვარელი მოზარდისთვისაც და ზრდასრულისთვისაც, ის გაუმხელელ სიყვარულზეც გვესაუბრება და ბავშვურ, ძმაკაცურ კონფლიქტებზეც, ჩაგვრასა და დახმარებაზეც, გარდატეხის ასაკის შინაგან ქაოსსა და თვითგამორკვევაზეც. თვითგამორკვევა კი ამ წიგნის საკვანძო თემაა, პირველიდან ბოლო გვერდამდე. აქ საკუთარ გზას ეძებს და თავს ეცნობა როგორც მთავარი პერსონაჟი, ისე მისი მშობლიური ბერლინიც. ამიტომაცაა ასე უბოდიშოთ რომ იკვეთება მათი გზები და ისტორიები.