უკრაინაზე გაბატონებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ბოროტი ჩრდილოელი მეზობელი: ქვეყანამ გაუძლო მასობრივ შიმშილობასა და გადასახლებებს, ენობრივ გენოციდსა და ლიტერატურის ცენზურას, სოფლების გადაწვებსა და ქალაქების დაბომბვებს, ხანგრძლივ იმპერიულ ჩაგვრასა თუ სტალინურ რეპრესიებს… ჯერ კიდევ კაზაკთა დროიდან მოყოლებული ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა და უკრაინაც დღემდე იბრძვის იმ ომს, რომელსაც საუკუნოვანი, ღრმა ფესვები და ბევრი განტოტება აქვს.
და თუმცა ომი რთული და კომპლექსური პროცესია, მარტივია ის შეკითხვა, რომელიც ომისას რიგით მოქალაქეს მთლიანად მოიცავს - “გადავრჩები თუ არა?”
ეს წიგნი, რომელიც უკრაინაში ომის დროს, 2022-2024 წლებში იქმნებოდა ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟია და გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე. ქართველი მკითხველი მასში ჩვენი სამშობლოსთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ამოიკითხავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ აგრესორის ბუნება და მოქმედების მეთოდები საუკუნეების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.