ერთად შევარჩიოთ კომიქსი შენთვის

მატარებლით მგზავრობა გარდაუვალია, ზაფხულში მითუმეტეს. ასეთ დროს კი აუცილებელია შევარჩიოთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც მგზავრობას სასიამოვნოს გახდის. 

დროა, არჩევანი კომიქსზე გავაკეთოთ!

გრაფიკული ლიტერატურა სიყვარულსა და ფილოსოფიაზე, ისტორიასა და ადამიანურ ბუნებაზე ისეთივე სერიოზულად საუბრობს, როგორც აკადემიური ნაშრომები თუ რომანები. მეტიც, აქ ისტორიას ნახატიც გვიყვება, იმას, რაც წიგნს უფრო სხარტად აღგვაქმევინებს და გვაკითხებს. 

მოდი ერთად შევარჩიოთ კომიქსი შენთვის


თუ გსურს გაიცნო ქართული პოეზიის ახალი სახე

მინდია არაბულის „საუკუნო უკუნი“ (14+)

ეს წიგნი მათთვისაა, ვინც სევდასა და იუმორს ერთდროულად ეძებს. მინდია არაბულის კომიქს-ლექსების კრებული თავდაპირველად სიმარტივით გიტყუებს, შემდეგ კი ეგზისტენციალური კითხვების პირისპირ გტოვებს, სახიდან ღიმილის მოუშლელად. მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შემჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა.

ეს წიგნი იდეალურია მათთვის ვინც ლიტერატურაში ახალ ფორმებს ეძებს. „საუკუნო უკუნი“ კი სიახლეა მთელი ქართული ლიტერატურისთვის.  გაიგე მეტი 

თუ ბავშვობაში დაბრუნება გინდა

„პატარა პრინცი“ ჟოან სფარის ილუსტრაციით (8+)

სენტ-ეგზიუპერის უკვდავი შედევრი უკვე ბევრჯერ წაგიკითხავს თუ ჯერ არცერთხელ - ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ფრანგული კომიქს-სცენის სუპერვარსკვლავმა ჟოან სფარმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო „პატარა პრინცის“ კომიქსად ადაპტირება, სანამ პერსონაჟზე მითითებებს უშუალოდ ეგზიუპერის მემკვიდრეები იძლეოდნენ. სფარმაც ამ ნაწარმოებს ახალი განზომილება აჩუქა და საბოლოოდ „წლის საუკეთესო წიგნის“ ჯილდოც დაიმსახურა მსოფლიოს ყველაზე დიდ კომიქს-ფესტივალზე, ქალაქ ანგულემში.

სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი, და სწორედ ასე ახერხებს, რომ მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით, თბილი, მელანქოლიური და ბავშვური ენით, რომელიც ღიმილთან ერთად სევდასაც მოგგვრით. გაიგე მეტი

 

ლუკ პირსონის „ჰილდას“ თავგადასავლები (6+)

„ჰილდა“ და მისი მეგობარი ძაღლ-ირემი სახელად წკეპლა, უკვე დიდი ხანია ბავშვების მეგობრები არიან. მათ უყვართ სახიფათო თავგადასავლები, ჯადოსნური სამყარო და გამბედავი გმირები. სერიის პირველ წიგნში „ჰილდა და კლდის ტროლი“ გოგონას სამყაროში შევაბიჯებთ და მაშინვე ვეშვებით მოულოდნელ და ხიფათიან ისტორიაში. თუმცა ხიფათს ჰილდა არ უშინდება, როგორც თავად ამბობს “ასეთია თავგადასავლების მაძიებლის ცხოვრება!“

ლუკ პირსონის ეს ბესტსელერი სერია 6 ნაწილისგან შედგება და ქართულად სულ მალე უკვე მეორე წიგნიც გამოიცემა. „ჰილდას“ წიგნები საუკეთესო თანამგრაზვია როგორც კომიქსების კითხვაში გამოუცდელი პატარა მკითხველისთვის, ასევე იმ მშობლებისთვის, ვინც შვილთან ერთად საკითხავს ეძებს. გაიგე მეტი


ქინდერლენდ: ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში - მარკუს "მავილ" ვიტსელის შედევრი (12+)

ამ კომიქსს ასაკი არ აქვს, მერე რა თუ „ქინდერლენდ“ ჰქვია. ამბავი, რომელიც მეგობრობაზე, გამბედაობასა და ნდობაზე გვესაუბრება, ერთდროულად ითრევს მოზარდ მკითხველსაც და ზრდასრულებსაც, რომელთაც არ ასვენებთ ნოსტალგია ბავშვობაზე - მითუმეტეს იმ ბავშვობაზე, რომელიც აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში გამოსცადა არაერთმა თაობამ.

წიგნში 1989 წელი დგას, აღმოსავლეთ ბერლინთან დაშვებული რკინის ფარდის მიღმა პატარა მირკო ვაცკე იზრდება - სკოლაში ბეჯითად სწავლობს, პინგ-პონგს თამაშობს, ფორტეპიანოზე უკრავს და ჩუმჩუმად ეკლესიაშიც დადის და კონტრაბანდულად შემოპარულ დასავლურ მუსიკასაც უსმენს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ქუჩაში მარტოდ დარჩენილს გზად პარალელურ კლასში ახლად გადმოსულ თორსტენს გადაეყრება. ის მირკოსგან განსხვავებით არც სწავლით გამოირჩევა, არც – ყოფაქცევით, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის მათ დამეგობრებას. მათი ყოველდღიურობის პარალელურად ბერლინი ისტორიული ქარტეხილების წინაშე დგას, კედელი დანგრევის პირასაა და ეს ძვრები ემჩნევა ყველას მირკოს გარემოცვაში. 

რჩევა - „პერსეპოლისის“ მოყვარულები ამ კომიქსსაც შეიყვარებთ. გაიგე მეტი


თუ დოკუმენტური ლიტერატურა გიყვარს

არტ შპიგელმანის „მაუს“ (14+)

კომიქსების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მკითხველისთვის „მაუს“ ხშირად გარდამტეხი წიგნია. ეს ის ნაწარმოებია, რომელმაც ისტორიული ცვლილებები მოახდინელა ლიტერატურაში, კომიქსი „დიდ ხელოვნებამდე“ აამაღლა და თავისი გავლენა დაატყო ბოლო 40 წლის განმავლობაში შექმნილი კომიქს-ლიტერატურის უდიდეს ნაწილს. 

ხელმოცარული ანდერგრაუნდ მხატვარი მამამისის პირით მოგვითხრობს ევროპისა და რიგითი პოლონელი ებრაელის ცხოვრების ისტორიას 1930-წლებიან სიცოცხლის ბოლომდე. ეს ისტორია კი - გაჯერებული სულისშემძვრელი ილუსტრაციებით - ეზოპესა და ჯორჯ ორუელისეულ იგავურ განზომილებას იძენს, ფორმატი და თხრობის შეულამაზებელ სტილი კი პირადი დღიურისთვის დამახასიათებელ სიღრმესა და სიმძიმეს. გაიგე მეტი


ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები - ჯო საკოს ავტორობით (14+)

ვისაც ჟურნალისტიკა და დოკუმენტური ლიტერატურა აინტერესებს, მაგრამ არ სურს სახელმძღვანელო ენა - ეს წიგნი მისთვისაა!

ჯო საკო ომის რეპორტაჟს გვთავაზობს არა ჭურვების აფეთქების ფონზე, არამედ - იძულებითი გადასახლების ემოციური სიმძაფრის შესწავლა-გამოაშკარავებით. 2002 წელს მან ჩრდილოეთ კავკასიაში, ლტოლვილთა ბანაკებში ათობით ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩენ ქალებთან, რომელთა მონათხრობის მიხედვითაც შექმნა დოკუმენტური კომიქსი ,,ჩეჩნეთის ომი, ჩეჩენი ქალები.”

ეს ნაშრომი არა მხოლოდ მორიგ ჯერზე ავლენს რუსულ სამხედრო აგრესიას 90-იანი წლების კავკასიაში, არამედ მიმოიხილავს უფრო ადრეულ ისტორიულ პერიპეტიებსაც და გვიჩვენებს, რომ რუსეთის მიერ მცირერიცხოვანი ერების გენოციდს საუკუნოვანი ისტორია აქვს. მის წაკითხვას თავზარდამცემი ეფექტი აქვს და ბევრი მკითხველისთვის წარმოდგენა კომიქსზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, თავდაყირა დგება. სიღრმისეული თხრობისა და გამომსახველობითი ფორმების შესაშური სინთეზის გამო, ჯო საკო ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიიჩნევა გრაფიკული ჟურნალისტიკის ფუძემდებლად. გაიგე მეტი


უკრაინა: გრძელი ომის მოკლე ისტორია (14+)

მკითხველს, რომელსაც სურს გაიგოს რა ხდება უკრაინაში, მაგრამ გრძელი ანალიტიკური სტატიების კითხვა არ უნდა, ეს წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაუწევს ისტორიაში. 2022-2024 წლებში, ომის დროს შექმნილი ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკული რეპორტაჟი გვიჩვენებს უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ისტორიას კიივის სახელმწიფოდან თანამედროვე უკრაინამდე. ქართველი მკითხველი მასში ჩვენი სამშობლოსთვისაც მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ამოიკითხავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ აგრესორის ბუნება და მოქმედების მეთოდები საუკუნეების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. გაიგე მეტი


დაამხე პატრიარქატი: სექსიზმის და ქალთა წინააღმდეგობის ისტორია (14+)

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებებში გენდერი განაპირობებს პრივილეგიებს, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, სამოქალაქო უფლებებსა და ბევრ სხვა რამეს. „რატომ ხდება ასე?, რამ და ვინ შეუწყო ხელი ამ ალოგიკურ პროცესს?“ - თუ ეს კითხვები შენც გაწუხებს და გსურს პასუხი არა აბსტრაქტულ ნარატივში, არამედ კარგად ნაკვლევ და მარტივი ენით მოთხრობილ ჟურნალისტურ ნაშრომში ამოიკითხო, მაშინ ეს კომიქსი შენთვისაა.

კულტურის მკვლევარ მართა ბრეენის და ილუსტრატორ იენი იურდალის ეს წიგნი ააშკარავებს იმ ადამიანებს, ვისმა აზრებმაც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის აზროვნება განსაზღვრა. ავტორები სარკასტული ენით გვიჩვენებენ, როგორ ვრცელდებოდა და ნორმალიზდებოდა მახინჯი იდეები; ვინ იყვნენ ის ქალები, რომლებიც ამ პროცესს წინ აღუდგნენ, სტერეოტიპები დაამხეს და ისტორიის მიმდინარეობა შეცვალეს. ამ წიგნში ბრაზი ცოდნად გარდაიქმნება. გაიგე მეტი


🗨️

კომიქსის კითხვა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულის ცოდნას, მას სჭირდება მხოლოდ შენი მზაობა რომ ამბავს თვალითაც და გონებითაც აჰყვე.

ჩვენი ყველა წიგნი ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში და ვებ-გვერდზე  matarebelicomics.com

წიგნებს მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, დედაქალაქის გულში თუ მთაში ჩამალულ სოფელში. ზაფხულის განმავლობაში შენთვის ფასდაკლებაც იმოქმედებს, სპეციალური პრომოკოდით #MTRBL26

აარჩიე კომიქსი, გაიყოლე გზაში და წაიკითხე.

1 მარშრუტი, 1 კომიქსი.

#მატარებელიმატარებელში

შეიძინე წიგნი